Home / სიახლეები / საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის სარჩელი, რომელიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება. საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც განისაზღვრება, ვინ არის მარტოხელა დედა ან მამა.

 

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება დამოკიდებულია მხოლოდ დოკუმენტირებულად დადასტურებული ფაქტების არსებობაზე (დაბადების სააქტო ჩანაწერში/დაბადების მოწმობაში მეორე მშობლის შესახებ მონაცემები). სტატუსის მიღების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მარტოხელა მშობლების ვიწრო წრეს. სტატუსით ვერ სარგებლობს ყველა მარტოხელა მშობელი, რომელიც ფაქტობრივად მარტო ზრდის არასრულწლოვან შვილს და აქვს მსგავსი საჭიროებები, რაც სტატუსის მქონე მშობლებს.

 

შესაბამისად, ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა მიიჩნია, რომ სადაო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებთან და მე-14 მუხლთან მიმართებში და არათანაბარ პირობებში აყენებს მარტოხელა მშობლებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლის თანახმად, მარტოხელა დედა/მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები. სტატუსის მიღება შეუძლია იმ პირსაც, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

პირველი ხარვეზი, რომელსაც კანონის ეს ნორმა მოიცავს, მარტოხელა მამებს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად მათაც ეკუთვნით სტატუსი, ფაქტობრივი გარემოებები ამ შესაძლებლობას გამორიცხავს. კერძოდ, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონი, გარდა ბავშვის მშობლებისა, პირდაპირ ავალდებულებს სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა პირებს, ბავშვის დაბადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინონ მარეგისტირებელ ორგანოს ბავშვის დაბადების ფაქტის შესახებ დაბადების რეგისტრაციისთვის.

 

შესაბამისად, დედის მონაცემები ყოველთვის ჩნდება ბავშვის დაბადების მოწმობაში. ეს კი სტატუსის მიღმა ტოვებს იმ მარტოხელა მამებს, რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს. ამიტომ დღეს საქართველოში არ ფიქსირდება არც ერთი სტატუსიანი მარტოხელა მამა.

 

კანონმდებელმა სტატუსის მიღმა დატოვა ისეთი მოწყვლადი ჯგუფებიც, რომელშიც მოიაზრებიან მარტოხელა მშობლები, რომლებსაც არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ შვილები, მაგრამ დაბადების მოწმობებში ფორმალურად არის დაფიქსირებული მამის მონაცემები. მათ მარტოს უწევთ ბავშვების აღზრდა და არასრულწლოვნებისთვის ერთადერთ მეურვეს წარმოადგენენ.

 

სტატუსის მიღმა დარჩნენ განქორწინებული ადამიანებიც. მათი ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი, დააკისრონ ბავშვზე ზრუნვა მეორე მშობელს, ალიმენტია. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მისი აღსრულება სხვადასხვა მიზეზის გამო შეუძლებელია. 2017 წლის მაისის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ ალიმენტის საქმეთა შორის გადახდა არცერთხელ დაფიქსირებულა 692 საქმეზე.

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი მიიჩნევს, რომ კანონი არ უნდა ქმნიდეს განსხვავებულ პირობებს ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის. მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება მიექცეს არა მარტო დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს, არამედ რეალურ ვითარებას.

 

მნიშვნელოვანია, სტატუსის მიმღებ პირთა წრე განისაზღვროს ისე, რომ მასში მოხვდეს ყველა ფაქტობრივად მარტოხელა მშობელი, რომელიც ყველასგან დამოუკიდებლად ზრდის არასრულწლოვან შვილს და სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება.

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“. აღნიშნული სარჩელიც სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა.

 

საკონსტიტუციო სარჩელის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე და იხილეთ სარჩელი N1320.

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *