Home / ბლოგი / „მარტოხელა დედა სამსახურში არ უნდა ამეყვანა“- მარტოხელა მშობლობის სტიგმა

„მარტოხელა დედა სამსახურში არ უნდა ამეყვანა“- მარტოხელა მშობლობის სტიგმა

 

 

 

როცა დედა გავხდი, მეგონა, ჩემს შვილთან ერთად ხელახლა დავიბადე. მასთან ერთად ვსწავლობდი ყველაფერს, იმასაც, როგორ გავმხდარიყავი უკეთესი დედა.

 

მოუცლელობისგან ვახშმის გარეშე დარჩენა და უძილო ღამეები არაფერი იყო ჩემი შვილის სიყვარულთან და სითბოსთან შედარებით. მაგრამ რამდენადაც ტკბილია ეს ყველაფერი, იმდენად დიდია პასუხისმგებლობა.

 

მისი დაბადების მომენტიდან დამყვება განცდა, რომ ის ყოველგვარი საშიშროებისგან უნდა დავიცვა და ხშირად მეშინია, რომ ამას ვერ შევძლებ. ეს შიში განსაკუთრებით მაშინ ვიგრძენი, როცა მე და ჩემი 3 წლის შვილი დიდი ტკივილისა და განსაცდელის წინაშე დავდექით… მაშინ მე მარტოხელა დედა დამერქვა…

 

როცა მამამისი ჩვენგან წავიდა, განცდები და ტკივილები ერთმანეთში მერეოდა და ყველაფრის ძალას მართმევდა. მაგრამ ყველაზე რთული ჩემი შვილის კითხვებზე პასუხების პოვნა იყო – სად არის მამა, რატომ არ არის მის გვერდით და არ ეფერება, რატომ შეეძლო მისი ნახვა ასე იშვიათად.

 

ჩემს ტკივილს მისი ტკივილი ემატებოდა და მაშინ გავითავისე, რას ნიშნავს სიტყვა „ცოცხალ-მკვდარი“. იმ დროს ისეთი დათრგუნული ვიყავი, ვერც კი ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ჩემი შვილის კეთილდღეობისთვის.

 

ემოციური ტკივილი და შოკი მალე ყოფითმა ფინანსურმა პრობლემებმა ჩაანაცვლა. იმის გამო, რომ მამა ბავშვზე არ ზრუნავდა, სრულიად მარტოს მომიწია ყველაფერთან გამკლავება. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ბავშვი არ მშორდებოდა, ეშინოდა, რომ მეც მამამისივით სადმე წავიდოდი.  ბოლოს რესტორანში გადავწყვიტე მუშაობის დაწყება. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ეს პერიოდი მძულს, რადგან სამსახურში ყოველი წასვლისას ჩემს შვილს ატირებულს ვტოვებდი, ყურებში კი გამუდმებით მისი სასოწარკვეთილი ხმა ჩამესმოდა – „დედიკო, მე შენ ძალიან მიყვარხარ, არ დამტოვო, გთხოვ“.

 

ახლა მეტირება, ის დღეები რომ მახსენდება, მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალი უბრალოდ ვერ ვიპოვე. არეული, დაკომპექსებული და დათრგუნული ვიყავი. თითქოს იმით ვცდილობდი „დანაშაულის“ გამოსყიდვას, რომ სახლში დაბრუნებულს ჩემი გოგონასთვის საყვარელი ტკბილეული მიმქონდა. მაგრამ მისთვის ეს სულერთი იყო, ის მხოლოდ იმას მევედრებოდა, ხვალ აღარ დამტოვო, ჩემ გვერდით იყავიო. ძილშიც კი ჩემზე იყო მოკრული, თითქოს ეშინოდა, არსად გამეპაროსო.

 

ერთ დღეს კი ისეთი რაღაც მკითხა, გული მომიკლა – დედიკო, მე ცუდი შვილი ვარ, მამამ რომ მიმატოვა და შენც რომ მტოვებ ხოლმე ხანდახანო. ისე ცუდად გავხდი, მაშინ პირველად ვიტირე მოთქმით მისი თანდასწრებით. სულ ვუხსნიდი, რომ ქვეყანას მერჩია და სადაც არ უნდა წავსულიყავი, ბოლოს მაინც მასთან დავბრუნდებოდი.

 

იმის გამო, რომ ყოველთვის ჩემს შვილთან მომეჩქაროდა, სამსახურში დამატებითი დროის გატარებაზე უარს ვამბობდი. ერთ დღეს კი ოჯახის წევრებმა დამირეკეს და მითხრეს, ბავშვმა შემთხვევით მეტალის პატარა ნივთი გადაყლაპაო. არაფერი მაინტერესებდა, გარდა იმისა, რომ ბავშვი მალე წამეყვანა ექიმთან. მივედი მენეჯერთან და გაშვება ვთხოვე. თანხმობა უკმაყოფილო სახით მითხრა და მომაძახა, მარტოხელა დედა სამსახურში არ უნდა ამეყვანაო.

 

ისედაც შეშინებულს და აღელვებულს, ამ ფრაზამ საერთოდ გამომაცალა ძალა, მაშინ მივხვდი, რომ მარტოხელა დედობა განაჩენია. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ეს იყო მოცემულობა, რომელშიც აღმოვჩნდი და რის გამოც ხალხს ჩემგან თავის შორს დაჭერა ერჩია.

 

მივხვდი, რომ მხოლოდ ალიმენტისთვის კი არა, სტერეოტიპების წინააღმდეგაც მომიწევდა ბრძოლა. ჩემ გარშემო მყოფი კეთილი ადამიანების დახმარებით ნელ-ნელა აღვიდგინე სასიცოცხლო ძალები.

 

დღესაც ბევრი სირთულის წინაშე ვდგავარ, მაგრამ ჩემი შვილის მიმართ პასუხისმგებლობებმა, რომელსაც ორი მშობლის ნაცვლად მარტო ვუმკლავდები,  ფეხზე წამოდგომა შემაძლებინა. ტკივილი გვერდზე გადავდე და მთელი ძალისხმევა ჩემი შვილის კეთილდღეობისკენ მივმართე.

 

ვიცი, რომ მას ყველაფერი ისე არ აქვს, როგორც იმსახურებს, რადგან ხშირად უწევს ჩემს სამსახურში ყოფნა. ისეთი სამსახური ვიშოვე, სადაც მისი თან ყოლა შემეძლებოდა, რადგან მძიმე ფიზიკური შრომის მიუხედავად, მშვიდად ვარ, როცა ვიცი, რომ ჩემი გოგონა უჩემობას არ განიცდის.

 

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

ახლა ღამის 2 საათია და ფიზიკურად ისე ვარ დაღლილი, ყველა ძალა გამოცლილი მაქვს. იმიტომ, რომ მხოლოდ მე ვაკეთებ იმას, რასაც ორი ადამიანი უნდა ინაწილებდეს.

 

ჩემი ერთი დღე ასეთია:

 

დილით, ჩემი გოგონას გაღვიძებამდე საუზმე მოვუმზადე. მერე გავაღვიძე, ჩავაცვი და მოვაწესრიგე; ვაჭამე, მივალაგე სახლი, მეც მოვწესრიგდი და ბაღში წავედით. ბაღიდან სამსახურში გავიქეცი, სადაც 5 სააათი შეუსვენებლად ვიშრომე ფიზიკურად. აღებული ფულით კი პროდუქტების საყიდლად შევიარე მარკეტში. მერე ბანკში კომუნალურები გადავიხადე.

 

უცებ ჩემი შვილის თხოვნა გამახსენდა, ხვალ ფული თუ გექნება, ჟოზეს გასაფერადებელი მიყიდეო. სამი საკანცელარიო მაღაზია მოვიარე, რომ ჟირაფი ჟოზესთვის მიმეგნო. როგორც იქნა, ვიყიდე და სახლში წავედი, რომ პროდუქტები შემენახა.

 

ამასობაში ბაღში წასვლის დროც მოვიდა. ბაღიდან ყოველი გამოყვანისას ისეთი გახარებული მიყურებს, თითქოს ძალიან დიდი ხნის მერე პირველად დამინახა. სკვერში შევიარეთ, მეგობრებთან ერთად გაერთო ჩემი გოგონა. მერე სახშლი წამოვედით, მოვაწესრიგე და ჩემი საქმეების კეთება დავიწყე – სარეცხი, საჭმელი და შიგადაშიგ მის თამაშებში ჩართვა. მერე ისევ ეზოში სეირნობა, ვახშამი, შხაპი და 3 მის მიერ შერჩეული ზღაპარი. ბოლოს კი, ტრადიციის მიხედვით, მოგონილი ზღაპარი ბონუსად, სადაც მთავარი გმირი ყოველთვის თვითონაა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველა ძვალი მტკივა, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან მე ამირჩია დედიკოდ. არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება, თუნდაც მარტოხელა დედა გერქვას და ყველას ნაკლებად პროდუქტიული ან არასასურველი კადრი ეგონო; მეგობრებს კი ყველაზე მოუცლელი და მოსაწყენი.

 

მშობლებო, განურჩევლად იმისა, მარტო ზრდით შვილებს თუ მეორე მშობელთან ერთად, ბრძოლა ყოველთვის ღირს ყველაზე ძვირფასის, ჩვენი შვილების გამო! არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსს მოგვანიჭებს საზოგადოება, ბედნიერება ჩვენც გვეკუთვნის და ამაში სახელმწიფოს თანადგომის იმედი მაქვს.

 

მარტოხელა დედა, მადონა გამრეკელაშვილი

თბილისი

ასევე იხილეთ

არ მანაღვლებს ხალხის აზრი… მე მაქვს უფლება, მყავდეს შვილი

როცა გავიგე, ორსულად ვიყავი, ბევრი ვიბრძოლე, რომ მარტო არ ვყოფილიყავი. მეუბნებოდნენ, შვილს მარტო ვერ გაზრდი, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *