Home / სიახლეები / მოგებული სასამართლო დავა – გურჯაანის მერია მარტოხელა დედას ქირის თანხით დაეხმარება

მოგებული სასამართლო დავა – გურჯაანის მერია მარტოხელა დედას ქირის თანხით დაეხმარება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, ნათია მასურაშვილს საცხოვრებლის ქირის ფულს, ყოველთვიურად 100 ლარს გადაუხდის. 

 

ნათიამ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდს დახმარების თხოვნით 2017 წლის 15 თებერვალს მომართა.  

 

ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა და ის იძულებული გახდა, ქმრის ოჯახი მცირეწლოვან გოგონასთან ერთად დაეტოვებინა. თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფარი არ არსებობს. ნათიას კი წასასვლელი არსად ჰქონდა, რადგან მისი ძმა და მშობლები ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. ამიტომ ის და მისი შვილი ჯერ მეზობლის მიერ გამოყოფილ ოთახში გადავიდნენ, შემდეგ კი – მისი ბიძის სახლის სარდაფში, სადაც ცხოვრებისთვის შეუფერებლი პირობები იყო. 

 

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას 2017 წლის 16 თებერვალს მიმართა და ნათიასა და მისი მცირეწლოვანი გოგონას ქირით უზრუნველყოფა სთხოვა. ორგანიზაციის წერილში დასაბუთებული იყო ნათიას მძიმე მდგომარეობა – მას არ ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი; არ გააჩნდა არანაირი შემოსავალი; რომ მას და მის შვილს ძალიან ცუდ პირობებში უწევდათ ყოფნა.  

 

3 აპრილს ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მიმართა და ნათია მასურაშვილის ბინით უზრუნველყოფისთვის თანხის გამოყოფა სთხოვა. საკრებულომ წერილი რეაგირებისთვის მერიას გაუგზავნა. თუმცა ბიუჯეტში ფულის არქონის მოტივით, მერიამ ქირის გადახდაზე უარი თქვა. 

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მიმართა. სასამართლომ, 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მერიას დაავალა, გამოეცა ხელახალი აქტი ნათია მასურაშვილისა და მისი არასრულწლოვანი გოგონას ქირით დაკმაყოფილების შესახებ. 

 

კომისია, რომელსაც ნათიას მდგომარეობა უნდა შეესწავლა, მასთან მხოლოდ მარტში მივიდა. 8 მაისს კი ადამიანის უფლებების განვითარების ფონდს ოფიციალურად ეცნობა, რომ გურჯაანის მერიამ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და ფონდის მოთხოვნა და ნათია მასურაშვილს ყოველთვიური ქირის თანხა გამოუყო.  

 

მისასალმებელია გურჯაანის მერიის გადაწყვეტილება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შედეგის მიღწევა მხოლოდ მრავალჯერადი მიმართვებისა და სასამართლოში დავის მოგების გზით გახდა შესაძლებელი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გურჯაანის მერია სათანადოდ ვერ აღიქვამს საკუთარ პასუხისმგებლობას ორმაგი მოწყვლადობის მქონე პირის, ძალადობის მსხვერპლი მარტოხელა დედისა და არასრულწლოვანის მიმართ.  

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი იმედოვნებს, რომ ნათია მასურაშვილის შემთხვევა დადებით პრაქტიკას დაუდებს საფუძველს და მომავალში, მსგავსი ტიპის საქმეებზე, მერია დროულად დაეხმარება მოქალაქეებს.  

 

ფოტოს ავტორი: სოფო აფციაური, „ლიბერალი“

ასევე იხილეთ

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის სარჩელი, რომელიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *