Home / ბლოგი / დუმილით პრობლემებს ვერ გადავჭრით

დუმილით პრობლემებს ვერ გადავჭრით

 

მინდა მივმართო მათ, ვისაც შვილის მარტო გაზრდა არც ისე რთული ჰგონია და ფიქრობს, რომ მარტოხელა მშობლის გმირად მოხსენიება მხოლოდ ამ თემის რომანტიზებაა. დიახ, ჩვენ გმირები ვართ!

 

რატომ? იმიტომ, რომ მარტოხელა მშობლობა ნიშნავს, დაუპირისპირდე გარშემომყოფებს, დაამსხვრიო სტერეოტიპები და მარტო შეეჭიდო ყველა პრობლემას.

 

მინდა მივმართო მათაც, ვინც ფიქრობს, რომ მარტოხელა დედობა ჩემი არჩევანი იყო და დღეს წუწუნის უფლება არ მაქვს. დიახ, ნამდვილად იყო! ეს იყო არჩევანი რთულ ცხოვრებასა და ბავშვის უარყოფას შორის.

 

ცხადია, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ამის გათავისება ძალიან რთულია, რადგან ვინც მსგავს სიტუაციაში არ ყოფილა, ძნელად მიხვდება, რისი გადატანა გვიწევს ყოველდღიურად. იმიტომ, რომ ჩვენ თქვენგან წამოსულ უარყოფით დამოკიდებულებასაც უნდა გავუმკლავდეთ, ბავშვის განვითარებაზეც ვიფიქროთ და ყოფითი პრობლემებიც მოვაგვაროთ. და ეს ყველაფერი მარტოებმა უნდა გავაკეთოთ.

 

მაგრამ აბა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ, მცირეწლოვანი შვილით ხელში, მარტოდმარტო დარჩით; რომ მართლა მარტო ხართ და თქვენი შვილის მეორე მშობელი მხოლოდ დაბადების მოწმობაში ჩაწერილი სახელი და გვარია და ის არანაირ მონაწილეობას არ იღებს შვილის აღზრდაში.

 

ალბათ სწორედ საზოგადოების ბრალია, რომ ყველა დუმს და ამ თემებზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. ერთმა არაჩვეულებრივმა ქალბატონმა თქვა, რომ ძალადობა მხოლოდ სიჩუმეში ყვავის. მე კი დავამატებდი, რომ მხოლოდ ძალადობა არა. დუმილით ვერცერთ პრობლემას ვერ გადავჭრით. თუ მასზე თვალს დავხუჭავთ და არ ვილაპარაკებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პრობლემა აღარ იარსებებს.

 

ნუ დაგავიწყდებათ, რომ მარტოხელა მშობლის უკან დედის ან მამის გარეშე დარჩენილი ბავშვები დგანან. ეს სიტუაცია ყველაზე სტრესული სწორედ მათთვისაა. მათ კითხვები ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში უჩნდებათ – რატომ დაჰყავს ის ბაღში მხოლოდ დედას, როცა მისი ჯგუფელი ზოგჯერ დედას მიჰყავს და ზოგჯერ მამას? სად არის მეორე მშობელი? – პასუხები კი გაურკვევლობაზე უარესია, ამიტომ ხშირად ჩუმად ყოფნას ვამჯობინებთ.

 

მე და ჩემმა შვილმა ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ. 9 თვე ისე გავატარე, ექიმთან ვიზიტიც არ მქონია, რომ აღარაფერი ვთქვა სხვა პრობლემებზე. ამ ყველაფერს კი უკვალოდ არ ჩაუვლია, როცა ახალშობილს ექიმებმა ტირილის დროს ნერვული აღგზნების სიმპტომები შეამჩნიეს და გამოკვლევა ჩაუტარეს, აღმოჩნდა, რომ მუცლადყოფნის პერიოდიდან ჰქონდა გამოყოლილი ეს ყველაფერი.

 

მხოლოდ ყოფით პრობლემებზე რომ ვილაპარაკოთ, იყო პერიოდი, როცა ბავშვი ცარიელი ჩაით „დამიპურებია“, სხვა საშუალება რომ არ მქონდა. პამპერსს ვერ ვყიდულობდი და იმის გამო, რომ ბავშვი დასველებისა და გაციებისგან გადამერჩინა, მეზობლის ბავშვის ნახმარი პამპერსები გამომქონდა, შიდა ნაწილს ვაცლიდი, ვრეცხავდი, შიგნით ნაჭერს ვუფენდი და ასე ვაცმევდი.

 

კარგად მახსოვს, 7 თვის იყო, სიტყვა „მამა“ რომ წამოსცდა. იყო დრო, როცა ჩემი ძმა ეგონა თავისი მამა, რადგან ის იყო ოჯახში ერთადერთი კაცი. მამას ეძახდა ჩემს სიძეს, ჩემი მეგობრების მეუღლეებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საკუთარი შვილები ასე ეძახდნენ.

 

შემდეგ, როცა გაიზარდა და რაღაცები უკეთ გაიაზრა, ყველაფერს მიხვდა და მას მერე საკუთარ თავში ჩაიკეტა. მივხვდი, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. ვიცი, რომ ყველაფერს ხვდება და განიცდის, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობს. ჩვენთვის ეს თემა ტაბუდადებულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგის ჩარევა სჭირდება, რადგან მე არ ვიცი, როგორ დაველაპარაკო, რა ვუთხრა, რომ მისი ფსიქიკა არ დავაზიანო. ისედაც მთელი ცხოვრება დაღად გაჰყვება, მამისგან მიტოვებული და უარყოფილი რომაა.

 

განვლილი წლები ჩემთვისაც და ბავშვისთვისაც ძალიან სტრესული და მძიმე იყო. მაგრამ ვიცოდი, რომ არ მქონდა დანებების უფლება და მხოლოდ კარგი კი არა, ორმაგად კარგი მშობელი უნდა ვყოფილიყავი. როცა საქმე შვილს და მის მომავალს ეხება, ყველაზე სუსტი ადამიანიც კი ძალიან ძლიერი ხდება. და დღეს მე ამაყი ვარ, რომ ბევრი ქილიკისა და მატერიალური გაჭირვების მიუხედავად, ფეხზე მყარად დადგომა შევძელი და შვილს ღირსეულ ადამიანად ვზრდი. ამიტომ კიდევ უფრო ვრწმუნდები საკუთარი არჩევანის სისწორეში, რადგან ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა… მე და ჩემს შვილს კი ერთმანეთი გვყავს.

 

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს გვერდში დგომა. ძალიან მნიშვნელოვანია, გრძნობდე, რომ ვიღაცას ესმის შენი, სურს, რომ დახგეხმაროს და გაგამხნევოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, სახელმწიფო, საზოგადოება თუ რომელიმე ორგანიაზცია.

 

ამიტომ მოგმართავთ ყველას, ვისაც გეხებათ ან არ გეხებათ ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ერთად უნდა დავდგეთ და პასუხისმგებელ პირებს ხმა მივაწვდინოთ. აუცილებლად უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც ყველა მარტოხელა მშობლის მდგომარეობას ინდივიდუალურად შეისწავლის და სხვადასხვა სერვისით დაგვეხმარება. მაგრამ მანამდე საზოგადოება უნდა გაიზარდოს და ჩვენკენ ხელის გამოშვერის ნაცვლად მორალურად მაინც გაგვამხნევოს.

 

აქ მშობლებზე უფრო მნიშვნელოვანი ბავშვის საჭიროებებია, რომელიც რატომღაც ყოველთვის ჩრდილშია. სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს სახელწმიფომ.

 

ავტორი: ელგა მაისურაძე, მარტოხელა დედა

ასევე იხილეთ

არ მანაღვლებს ხალხის აზრი… მე მაქვს უფლება, მყავდეს შვილი

როცა გავიგე, ორსულად ვიყავი, ბევრი ვიბრძოლე, რომ მარტო არ ვყოფილიყავი. მეუბნებოდნენ, შვილს მარტო ვერ გაზრდი, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *