Home / სიახლეები / მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიცვალა

მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიცვალა

საქართველოს პარლამენტმა 21 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო ახალი კანონი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს ცვლის. აქამდე მოქმედი საკანონმდებლო ნორმით,  ქალს/კაცს მარტოხელა მშობლის სტატუსი რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლისთანავე უწყდებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, იღებდა თუ არა მისი მეუღლე ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობას. 

 

2015 წლის 25 მაისს სახალხო დამცველმა, აღნიშნული ნორმის შეცვლის მიზნით, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. მისი განმარტებით, მარტოხელა მშობელს სტატუსი არა ქორწინებაში შესვლის, არამედ  ბავშვის სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გაჩენის შემთხვევაში უნდა შეწყვეტოდა.  

 

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლის მე-4  ნაწილში და მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი ხდება ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა ან  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას. 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ერთმა მათგანმა მისცა ხმა.  

 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ პარლამენტში მარტოხელა მშობლების თემაზე მომუშავე ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც შედიან. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი აღნიშნული სამუშაო ჯგუფის აქტიური წევრია. ფონდი იმედს იტოვებს, რომ ამ თემაზე მუშაობა გაგრძელდება და უახლოეს მომავალში მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილება განხორციელდება.  

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *