ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი აგრძელებს მარტოხელა მშობლების გაძლიერებაზე ზრუნვას. ამ მიზნით ფონდმა მ.წ. 11-12 დეკემბერს ჩაატარა ტრენინგი სპეციალურად მათთვის.
ორდღიან სემინარზე მარტოხელა მშობლებმა სოციალური საწარმოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს – რა არის სოციალური საწარმო, რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი ბიზნეს საწარმოსგან, როგორ უნდა შევქმნათ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მან წარმატებულად იმუშაოს.
ფონდის ბენეფიციარებმა რამდენიმე პრაქტიკული დავალება და პრეზენტაცია გააკეთეს. სემინარის მეორე ნაწილი კი მთლიანად დაეთმო მათი იდეების გენერირებას, განხილვასა და მინი პროექტების მომზადებას.
თითოეულს გააჩნდა ინდივიდუალური ხედვა და იდეა, რა ტიპის სოციალური საწარმო უნდოდა და რა მიზანს უნდა მომსახურებოდა იგი. ტრენინგმა კი მარტოხელა მშობლებს საშუალება მისცა, უკეთ განესაზღვრათ საკუთარი მიზნები და სწორად ჩამოეყალიბებინათ სამოქმედო გეგმა.
ორდღიან სემინარს EMT-ის(განათლებისა და მართვის ცენტრი) დამფუძნებელი, ტრენერი პავლე თვალიაშვილი უძღვებოდა.