Home / სიახლეები / მარტოხელა მშობლები საქართველოში – ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ანგარიშის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გამართა

მარტოხელა მშობლები საქართველოში – ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ანგარიშის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გამართა

16 ოქტომბერს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით ანგარიშის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გამართა.

 

ფონდმა შეისწავლა და გააანალიზა როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობა. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები მარტოხელა მშობლებთან, რაც მათი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლეოდა. ასევე, გაანალიზდა სხვადახვა, მათ შორის ფსიქოლოგიური ფაქტორი. შედეგად კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოიკვეთა.

 

პირველი, რაც ამ თემასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, კანონმდებლობის ხარვეზებია. მიუხედავად იმისა, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსი 2015 წლიდან არსებობს, ის დისკრიმინაციულია და ყველა მარტოხელას არ აძლევს სტატუსის მიღების შესაძლებლობას. სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში მარტოხელა მშობლის სტატუსი 1719 ადამიანს აქვს. მაგრამ რეალურად გაცილებით მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც შვილებს მარტო ზრდიან. აღსანიშნავია ისიც, რომ მარტოხელა მშობლების სრულყოფილი სტატისტიკა არ იწარმოება და არც საზოგადოების ამ ჯგუფის საჭიროებებს იცნობს ხელისუფლება.

 

როცა დისკრიმინაციაზე ვსაურობთ, კარგი იქნება განვმარტოთ, ვის მიიჩნევს დღეს კანონი მარტოხელა მშობლად:

 

  • მშობელს, რომელიც არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და მისი დაბადების მოწმობაში მეორე მშობლის გრაფა ცარიელია;
  • მშობელს, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი არასრულწლოვანი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

როგორც ხედავთ, ქვრივები, განქორწინებულები ან ისინი, ვის შვილსაც დაბადების მოწმობაში მეორე მშობელი უწერია, სტატუსის მიღმა რჩებიან, არადა რეალურად ისინიც მარტო ზრდიან შვილებს. სტატუსს ვერ იღებენ მამებიც, რადგან დედის მონაცემები ბავშვის დაბადების მოწმობაში ავტომატურად იწერება. ამასთან, არის შემთხვევები, როცა ქალი საზოგადოების განწყობისგან შვილის დასაცავად ბავშვის დაბადების მოწმობაში სხვა კაცის სახელსა და გვარს უთითებს. თუმცა ამ კაცს არასრულწლოვანთან არაფერი აკავშირებს და არც მასზე ზრუნავს. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, რატომ ზრდიან ადამიანები ბავშვს მარტო, ყველა მათგანს  თანაბარი სამართლებრივი და სოციალური გარანტიები უნდა ჰქონდეს.

 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე ტიპის დახმარება კანონის დონეზე არც სტატუსიანი მშობლებისთვის არსებობს. მიუხედავად საკანონმდებლო ჩანაწერისა(სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მეხუთე ნაწილი), რომ მარტოხელა მშობლების სოციალური და სამართლებრივი გარანტიები კანონითაა გაწერილი, არ არის მითითებული, რომელ კანონში ან კანონქვემდებარე აქტში არის ეს დახმარება განსაზვრული.

 

ერთადერთ შეღავათს საგადასახადო კოდექსისი 82-ე მუხლი აწესებს, რომელიც მარტოხელა დედას საშემოსავლოსგან ათავისუფლებს, ისიც  წლიური 3000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში და თანაც, მხოლოდ დედებს. მამები კი შეღავათის გარეშე რჩებიან.

 

მარტოხელა მშობლებისთვის დახმარებებს ადგილობრივი თვითმმართველობები თავიანთი ნების შესაბამისად აწესებენ. დახმარება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვაა – ერთჯერადი ფულადი დახმარება, კომუნალურების სუბსიდია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტის მინიჭება და ა.შ. თუმცა ფონდის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზით გაირკვა, რომ საქართველოს მასშტაბით 75 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლებს მხოლოდ 25 ეხმარება. ამასთან, ხშირ შემთხვევაში დახმარების მიღება დამოკიდებულია სოციალურ ქულაზე.

 

უნდა აღინიშნოს, რომ 12 მუნიციპალიტეტში დისკრიმინაციული ჩანაწერი ჰქონდათ და მხოლოდ მარტოხელა დედებს ეხმარებოდნენ, მაგრამ ფონდის რეკომენდაციების შემდეგ მათ ეს დისკრიმინაცია აღმოფხვრეს.

 

ანგარიშის ავტორებმა საერთაშორისო პრაქტიკაც გამოიკვლიეს. მარტოხელა მშობლების განმარტება სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში სხვადასხვანაირია. მაგრამ ერთი რამ ყველასთვის საერთოა – შესწავლილი ქვეყნები მარტოხელად აღიარებენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბავშვს მარტო ზრდის.

 

ფონდი რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის უწყებებს:

 

  • შეისწავლონ მარტოხელა მშობლების მდგომარეობა და დაადგინონ მათი საჭიროებები;
  • გაფართოვდეს სტატუსის მიმღებ პირთა წრე და გაიწეროს სტატუსის მისაღებად ახალი კრიტერიუმები;
  • განისაზღვროს სხვადასხვა სოციალური და სამართლებრივი გარანტიები, მშობლების საჭიროებების შესაბამისად;
  • სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლებში ბავშვების რეგისტრაციისას მარტოხელა მშობლებს მიენიჭოთ უპირატესობა და ურიგოდ დაარეგისტრირონ შვილები;
  • შეიქმნას გახანგრძლივებული სწავლება და სხვა მექანიზმები, რომ მარტოხელა მშობელმა მუშაობა შეძლონ;
  • აქტიურად დაიწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და შეიქმანს სერვისები მარტოხელა მშობლების გასაძლიერებლად.

 

(ხარვეზები და რეკომენდაციები უფრო ვრცლად იხილეთ ანგარიშში)

 

16 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი და პარლამენტში მარტოხელა მშობლების თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან გოგიჩაიშვილიც ესწრებოდა. მისი შეფასებით, ფონდის ანგარიშში ძალიან კარგადაა ნაჩვენები ხარვეზები და შესაძლოა, ეს ანგარიში ამ თემაზე მომუშავე ადამიანებისთვის სამაგიდო წიგნად იქცეს. მისი ინფორმაციით, კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება მალე მოხდება ინიცირება და საკომიტეტო განხილვები დაიწყება.

 

„მე დარწმუნებული ვარ, როცა ეს ინიციატივა პარლამენტში გავა, მას მხარდაჭერა ექნება. მარტივი არაა იმის გატანა პარლამენტში, რისი ბიუჯეტიც არაა დათვლილი და შედეგი განსაზღვრული არ არის. ასეთი კვლევები საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ, როგორ იმუშავებს კანონი და რას გამოასწორებს. ამიტომ მე მგონია, რომ ჯობია ჯერ პირველი ეტაპი დავასრულოთ და მერე ვიმუშაოთ დანარჩენზე. იმიტომ, რომ რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია დაფინანსებაზე. ამ ბიუჯეტში ამ საკითხებს ვერ გავითვალისწინებთ, რადგან ახლა იხილება ბიუჯეტი. მაგრამ მომავალში შეიძლება გავითვალისწინოთ. მით უფრო ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაა, რომ სოციალური თემები გადააბაროს ადგილობრივ თვითმმართველობას. რადგან იქ უკეთესი კომუნიკაცია და ნაკლები ბუროკრატიაა და აღსრულებაც უკეთესად ხდება. ჩვენ შეგვიძლია მოვაწესრიგოთ კანონმდებლობა და აღსრულების ნაწილი მივანდოთ სხვადასხვა უწყებას“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

16 ოქტომბერს ფონდის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ. პირველი ადგილი ცია ლაბაძემ დაიკავა, ფოტორეპორტაჟისთვის ანაკლიიდან,სადაც მარტოხელა მამა, მინდია სამ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. მეორე ადგილი შიო ხიდაშელს ერგო, ფოტორეპორტაჟისთვის სოფელ ნასაკირალიდან, მარტოხელა დედებისა და მათი შვილების ცხოვრობის შესახებ. მესამე ადგილი კი ეკა ხალიანმა დაიკავა, ფოტოსთვის ცაგერიდან, სადაც მარტოხელა მამა ორ მცირეწლოვან ტყუპს ზრდის.

 

პროექტს  „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი უკვე 1 წელია ახორციელებს. მისი მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

 

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *