Home / სიახლეები / გავერთიანდეთ მშვიდობისთვის

გავერთიანდეთ მშვიდობისთვის

 

36-ე წელია, მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე 1981 წელს დააწესა და მას შემდეგ მსოფლიო თანასწორობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად ერთიანდება. წელს მშვიდობის საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილი უსაფრთხოების უფლებაა, განსაკუთრებით ლტოლვილებისა და მიგრანტებისთვის. მსოფლიო დღეს კიდევ ერთხელ ეცდება, მათ მხარდაჭერა გამოუცხადოს.

 

სამწუხაროდ, კაცობრიობამ დღემდე ვერ მიაღწია იმას, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სხვადასხვა მასშტაბის საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდეს. ომის შედეგები საქართველომაც არაერთხელ გამოსცადა საკუთარ თავზე – ქვეყანაში დევნილის სტატუსი 250 000-ზე მეტ ადამიანს აქვს. მათი სახლები ან განადგურდა, ან საფრთხის გამო თავად მოუწიათ მათზე უარის თქმა. ე.წ საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის უსაფრთხოების უფლება კი კვლავ არაა დაცული, რადგან ყოველ დღეს გატაცების შიშით ატარებენ. სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, 2011-2016 წლებში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ 2404 ადამიანი დააკავეს. მათგან 21 არასრულწლოვანი და 32 ქალი იყო. ამას ისიც ემატება, რომ ბევრი მათგანი მათთვის ყველაზე ძვირფასის, ადამიანური ურთიერთობის გარეშე დარჩა, რადგან რუსი სამხედროების მიერ გავლებულმა „საზღვარმა“ მათ ახლობლების ნახვის საშუალება წაართვა. ე.წ. საზღვრის იქით დარჩა საფლავებიც, სადაც ისინი, ტრადიციისამებრ, წელიწადში რამდენჯერმე მიდიოდნენ.

 

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები – ასეთი კვალიფიკაცია აქვს საქმეს, რომელსაც პროკურორი ფატუ ბენსუდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის ნებართვით იძიებს. ის 2008 წლის აგვისტოსომს ეხება და ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს – ეთნიკური ქართველების მკვლელობები, დევნა და მათი ქონების განადგურება/ძარცვა სამხრეთოსური ძალების მიერ, რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით; და მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე სამხრეთოსური ძალების და რუს სამშვიდობოებზე – ქართული ძალების.

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი ელოდება გამოძიების შედეგებს და იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, დაზარალებულები კი ღირსეულ კომეპნსაციას მიიღებენ. გამოძიების დასრულებამდე კი ფონდი კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება და ღირსება.

 

ომი და კონფლიქტი ყველაზე მეტად ბავშვებს აზარალებს, საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს. მათ სრულფასოვანი განათლები მიღებისა და უსაფრთხო ცხოვრების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ისინი  იმსახურებენ მშვიდობიან ქვეყანაში, მშვიდობიანი მსოფლიოში ცხოვრებას.

 

გავერთიანდეთ მშვიდობისთვის!

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *