Home / სიახლეები / HRDF მერობის კანდიდატებს მოუწოდებს, საარჩევნო პროგრამებში მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები გაითვალისწინონ

HRDF მერობის კანდიდატებს მოუწოდებს, საარჩევნო პროგრამებში მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები გაითვალისწინონ

21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. მომავალი 4 წლის განმავლობაში სწორედ ახლადარჩეული კადრები წარმართავენ მუნიციპალიტეტების სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას. ამიტომ  მნიშვნელოვანია, რომ მათთვის მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყოს.

                                       

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი 2016 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების პროექტს. როგორც უშუალოდ მარტოხელა მშობლებთან საუბრისას გაირკვა, მათი სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მათ ხშირად ელემენტარული საჭიროებებიც კი არ აქვთ მოგვარებული. ეს კი, საბოლოო ჯამში, ბავშვის ინტერესებს მნიშვნელოვნად აზიანებს. დღევანდელი კანონმდებლობა მარტოხელა მშობლებს მხოლოდ სტატუსს სთავაზობს, ისიც მხოლოდ დედებს. ხარვეზის გამო მამები ამ შესაძლებლობასაც მოკლებულნი არიან. რომ აღარაფერი ვთქვათ რაიმე ტიპის შეღავათზე, მატერიალურ ან არამატერიალურ დახმარებაზე.

 

ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის როლი მათ გაძიერებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ, დახმარება როგორც სტატუსიან, ისე ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს გაუწიონ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 75 მუნიციპალიტეტიდან და თვითმმართველი ქალაქიდან მარტოხელა მშობლებისთვის სხვადასხვა ტიპის შეღავათი მხოლოდ 25-ს აქვს.

 

ცალკე უნდა გამოიყოს თბილისი, რადგან აქ ყველაზე მეტი სტატუსიანი მარტოხელა დედაა და ფონდის ინფორმაციით, ფაქტობრივად მარტოხელა მამაც არაერთია. ამასთან, მისი ბიუჯეტიც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს. ამის მიუხედავად თბილისში მცხოვრები მარტოხელა მშობლებისთვის ერთადერთი შეღავათი უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობაა.

 

თბილისის მერობის კანდიდატები აქტიურად არიან ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში. თუმცა ისინიც უნდა ითქვას, რომ მათი სააჩევნო პროგრამის პრიორიტეტებში სოციალურზე მეტად სხვა თემატიკა სჭარბობს. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი იაზრებს სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებების აუცილებლობას.  თუმცა მომავალმა მერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მის ამომრჩევლებს შორის 400-ზე მეტი სტატუსიანი მარტოხელა დედა და ბევრიც ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები არიან.

 

ფონდი იმედს იტოვებს, რომ მერად არჩეული პირი და საკრებულოს ახალი წევრები ამ თემისადმი სენსიტიურები იქნებიან და მარტოხელა მშობლების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შექმნიან.

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *