Home / სიახლეები / „მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

„მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

Impact Hub Tbilisi-ში ადამიანის უფლებების განვითარების ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციის – Nesehnuti ერთობლივი ორგანიზებით, „მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.  

 

სამუშაო ჯგუფის ძირითადი მიზანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა, რომელიც გააუმჯობესებს ბოშათა სამართლებრივ მდგომარეობასა და მათთვის სახელმწიფო სერვისებს  უფრო ხელმისაწვდომს გახდის. 

 

შეხვედრის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა ბოშათა პრობლემებზე იმსჯელეს. მიუხედავად არაერთი პროექტისა, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ახორციელებს, ბოშათა თემისთვის პირადობის მოწმობების არქონა დღემდე პრობლემად რჩება.  

 

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში თითქმის ყველა ბოშას აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რეგიონებში მცხოვრები ბოშების უმრავლესობა დღემდე მაიდენთიფიცირებელი დოკუმენტის გარეშე ცხოვრობს. მიზეზი კი კვლავ უცვლელია – ენის ბარიერი, უნდობლობა და სერვისის საფასური, რომლის გადახდაც ბოშას პირადობის მოწმობის ასაღებად უწევს.  

 

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის პრობლემებზეც. შეხვედრას  ბოშათა თემის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და როგორც მათ განაცხადეს, სახელმწიფო მათ მუდმივად აიგნორებს. სოფელ გაჩიანში, სადაც ბოშათა 11 ოჯახი ცხოვრობს,  დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება უშუქობა და წყალი. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ადგილობრივი თვითმმართველობა მაინც არ ზრუნავს პრობლემის მოგვარებაზე.  

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, გეგმავს სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრას, რათა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოშათა თემისთვის დღემდე მოუგვარებელი პრობლემები ერთობლივად განიხილონ. 

 

მიმდინარე წლის ოქტომბერში სამუშაო ჯგუფის 2-დღიანი შეხვედრა იგეგმება, სადაც სამუშაო ჯგუფი სამომავლო გეგმასა და მისი განხორციელების მექანიზმებს  უცხოელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავებს.  

 

სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: რეფორმებისა და ინოვაციების ცენტრი, ადამიანის უფლებათა სახლი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, თანასწორობის მოძრაობა და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ეთნიკური უმცირესობის უფლებებზე.  

 

მცირემასშტაბიანი ადგილობრივი პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის რესპუბლიკის გარდამავალი ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.  

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *