Home / ბლოგი / “ყველამ მხოლოდ იმიტომ მაქცია ზურგი,  რომ მოძალადე ქმარს დავშორდი„

“ყველამ მხოლოდ იმიტომ მაქცია ზურგი,  რომ მოძალადე ქმარს დავშორდი„

21 წლის გავთხოვდი, მაგრამ ხელი არ მოგვიწერია. ისე დამემართა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე – თავიდან აჟიტირებული ხარ, სიყვარულის ყოვლისშემძლეობის გჯერა და მომავალს იმედით შეჰყურებ. მაგრამ მოგვიანებით სხვა რეალობაში აღმოვჩნდი. დაოჯახებით საკუთარ თავს განვითარების ყველა გზა მოვუსპე. არადა მანამდე ათასი ინტერესი მქონდა, სხვადასხვა წრეზე დავდიოდი.

 

ჩემი ყოფილი ქმარი ნარკოტიკებს მოიხმარდა. ადამიანი, რომელიც მანამდე ოცნების კოშკებს მიგებდა, დაოჯახების მერე ხშირად მცემდა, ორსულსაც, კიბიდანაც დავუგორებივარ. ალბათ ამის შედეგი იყო ის, რომ ბავშვი ჰემატომებით დაიბადა და დღემდე მხედველობის პრობლემა აქვს.ფიზიკურ ძალადობას ფსიქოლოგიურიც ემატებოდა, არსად მიშვებდნენ. უფრო მეტიც, ჩემების მოსვლასაც კი აპროტესტებდნენ.

 

მაშინ ასეთი ძლიერი არ ვიყავი, არც ჩემი უფლებების შესახებ ვიცოდი რამე. იმისიც კი მეშინოდა, რომ ძალადობის შესახებ სადმე განმეცხადებინა. ალბათ გიკვირთ, რატომ ვითმენდი ამდენს, რატომ არ წამოვედი იმ ოჯახიდან. ჩემს მშობლებს და ძმებს არაერთხელ ვთხოვე ჩემი იქიდან წაყვანა. მაგრამ ყოველ ჯერზე უარს ვიღებდი – ხალხი რას იტყვის, ან ჩვენ რატომ უნდა გარჩინოთ და საერთოდაც, რას თხოვდებოდიო. ბოლოს რომ მოვიდნენ ჩემთან, კიდევ ჩემს გადარწმუნებას ცდილობდნენ, მეორე შვილი გაუჩინე და გამოსწორდებაო. არადა მას რა გამოასწორებდა, მონასავით მექცეოდა. ჰოდა წამოვედი…

 

კოშმარში ვცხოვრობდი, ასე მეგონა, ყველა ჩემკენ გამოიშვერდა თითს და ასეც მოხდა, როცა ქმართან დაშორების მერე ჩემს რაიონში პირველად ჩავედი.

 

თბილისში ჩემს ბებოსთან გადავედი საცხოვრებლად. დიდად არც მას უნდოდა, რომ იქ მეცხოვრა… მაგრამ სხვა გზა არც მას ჰქონდა და არც მე. შემდეგ მოხდა ისე, რომ ორივე ბინის გარეშე დავრჩით და მე დედაჩემთან მომიწია ცხოვრება. მაშინ თბილისში მუშაობდა და ქირით ჰქონდა აღებული ბინა. ურთიერთობა მამასთან და ძმებთანაც მქონდა, მაგრამ სულ იმას მიმეორებდნენ, ჩვენ არაფერი მოგვთხოვოო.

 

მალე ისევ უსახლკაროდ დავრჩი, ჩემმა უფროსმა ძმამ მეორე ცოლი მოიყვანა და დედა აიძულა, სამსახურისთვის თავი დაენებებინა და მათთან გადასულიყო საცოხვრებლად რაიონში. არადა იქ ვერ წავიდოდი, ისე გვიჭირდა, არაფრის შესაძლებლობა არ ჰქონდათ ჩემებს. დედაჩემი წავიდა და ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დამტოვა.

 

იძულებული გავხდი, პოლიციაში მივსულიყავი, მათ კი თავშესაფარში გადამიყვანეს, თუმცა იქაც რამდენ ხანს დამტოვებდნენ. წამოვედი და კაზინოში მომიწია მუშაობის დაწყება. მაგრამ იქ საშინელებები ხდებოდა, ჩვენი უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა. ყველაზე შეურაცხმყოფელი ჩვენი უფროსების დამოკიდებულება იყო, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ რადგან ქმართან გაშორებული ვიყავი, ყველაფრის უფლება ჰქონდათ ჩემთან, თუკი მოინდომებდნენ. ჩვეულებრივი სექსუალური შევიწროვების მსხვერპლები ვიყავით. პროტესტის ნიშნად ერთხელ ვენებიც გადავიჭერი. ბოლოს ვეღარ გავუძელი და წამოვედი.

 

ამის შემდეგ კარგა ხანს უმუშევარი ვიყავი და დიასახლისთან ერთად ქირით ვცხოვრობდი. ცხადია, ქირას ვერ ვიხდიდი და ის ამას საშინლად აპროტესტებდა.

 

დამღალა ჩემმა ცხოვრებამ, თავის მოკვლაზეც არაერთხელ მიფიქრია…

 

ერთ ზაფხულს ჩემი გოგო დედაჩემთან წავიდა. სწორედ ამ დროს გავიცანი მეორე შვილის მამა სოციალურ ქსელში. ვიფიქრე, რომ ქმართან დაშორება პირადი ცხოვრების დასამარებას არ ნიშნავდა და საკუთარ თავს ერთი შანსი კიდევ მივეცი. რამდენიმე თვის მერე შევხვდით და ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. ბავშვის მოშორება მინდოდა, ჩემებს ჩემი ორსულობის შესახებ რომ გაეგოთ, ჩამქოლავდნენ. მაგრამ აბორტის ფულიც კი ვერ ვიშოვე. მიუხედავად ბავშვის მამის მუქარისა, არ გამეჩინა შვილი, მაინც გავაჩინე. ის კი საერთოდ გაქრა. როგორც მოგვიანებით გავიგე, მას ოჯახი ჰყოლია.

 

არავინ იცოდა ჩემ გარშემო, რომ ორსულად ვიყავი. ყველასთან გავწყვიტე ურთიერთობა. ვიცოდი, რომ გვერდში დგომის ნაცვლად ყველა გამკიცხავდა. მთელი 9თვე მარტო ვიყავი, ერთი დედაო და ექიმები მეხმარებოდნენ. ბავშვი საპატრიარქოს სამშობიაროში გავაჩინე. იქაც დედაო დამეხმარა და უფასოდ მამშობიარეს. თუმცა შუამავლებს მიგზავნიდნენ ვიღაცები, ბავშვი დამეთმო და სანაცვლოდ სარგებელს მივიღებდი. იცოდნენ რა მდგომარეობაშიც ვიყავი და ექთნები მხოლოდ  ამაზე მელაპარაკებოდნენ. ისეთი შეშინებული ვიყავი, ღამითაცჩემთან ვტოვებდი ბავშვს, მეშინოდა, რომ გამიშვილებდნენ.

 

სამშობიაროდან რომ გამოვედი, ყველაზე ცუდ მდგოამრეობაში მაშინ აღმოვჩნდი. დიასახლისმა ორი შვილით არ მიმიღო, მეკი წასასვლელი არსად მქონდა. არ ვიცოდი რა მექნა და საბურთალოს გამგეობაში მივედი. კიდევ კარგი, ისინი მაინც დამეხმარნენ და ბინა მიქირავეს. დღესაც  ისინი მიხდიან ქირას.

 

მეორე შვილის მამას 2 კვირის მერე მივწერე, ვუთხარი, შენგან არაფერს ვითხოვ, ურბალოდ იცოდე, რომ შვილი გყავს მეთქი. 1-2-ჯერ მოვიდა ჩვენთან, კომუნალურები გადამიხადა, მეტი არაფერი მიმიღია მისგან და არც მინდა. მაგრამ შარშან მოვიდა და მცემა, ბავშვი რატომ გააჩინეო. ამიტომ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გასცა. მას მერე საერთოდ აღარ გამოჩენილა.  დავიღალე ამდენი დავით. 10 წელზე მეტია, უფროსი შვილის მამას ალიმენტს ვედავები, მაგრამ უშედეგოდ.

 

მეორე ბავშვი ერთი თვის იყო, ჩემებმა მისი დაბადების შესახებ რომ გაიგეს. საშინელი რეაქცია ჰქონდათ. მაგრამ რატომ უკვირთ?! როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მათი გვერდში დგომა, მაშინ არ მიმიღეს, ქუჩაში გამაგდეს და რას ითხოვდნენ მერე ჩემგან?! ჩემი ძმა ხონის ციხეში ბადრაგად მუშაობდა. მისგან ისეთი შევიწროვებული ვიყავი, მცემდა, მგუდავდა. ერთხელ ჩემი უფროსი შვილის თვალწინ მანქანაში ჩამტენა და ფსიქიატრიულში მიმიყვანა.

 

მოვდივარ მას მერე ტანჯვით და წამებით… ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე გავიდა და ამ ყველაფერთან გამკლავება სულ მარტოს მომიწია. მაგრამ არ დავცემულვარ. იმავეს ვურჩევ ჩემს მდგომარეობაში მყოფ გოგოებს, არასოდეს შეეშინდეთ და არ დაიხიონ უკან. თუ საკუთარი უფლებების შესახებ უფრო მეტი ეცოდინებათ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგანთავსაც უფრო მარტივად დაიცავენ. რაც მთავარია, არასოდეს გაჩუმდნენ და დანებდნენ. პირიქით, ისე უნდა გაძლიერდნენ, რომ სხვებსაც დაეხმარონ.

 

დღეს ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვე, მაგრამ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, რომ ჩემი შვილები სრულფასოვან გარემოში აღვზარდო. ჩემი გოგონასთვის ხშირად დაუცინიათ იმის გამო, რომ დახეული კაბა ეცვა ან მამა არ ჰყავდა.პირადად ჩემ მიმართაც მიგრძვნია სკოლაში მშობლების მხრიდან აგრესია. ხმის ამოღებას საერთოდ როგორ ბედავ, შენ რა დედა ხარო. შეურაცხმყოფელი ეპითეტებითაც მამკობდნენ და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ქმარს დავშორდი და მეორე შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე. თორე ზოგიერთ მშობლს არცკი ვიცნობ და მათთვის რა უნდა დამეშავებინა.

 

სწორედ ესაა იმის მიზეზიც, რომ დღემდე უმუშევარი ვარ. როგორ გინდა სამსახური იშოვო, როცა ყველა პოტენციურ სამსახურში აგდებულად გექცევიან, როცა იგებენ, რომ ქმართან დაშორებული ხარ ან შვილი ქორწინების გარეშე გყავს.

 

თ.

 

მარტოხელა დედა თბილისიდან

 

ასევე იხილეთ

არ მანაღვლებს ხალხის აზრი… მე მაქვს უფლება, მყავდეს შვილი

როცა გავიგე, ორსულად ვიყავი, ბევრი ვიბრძოლე, რომ მარტო არ ვყოფილიყავი. მეუბნებოდნენ, შვილს მარტო ვერ გაზრდი, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *