Home / ღონისძიებები / HRDF-ის დისკუსია თემაზე „მარტოხელა მშობლის სტატუსი და მასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში“

HRDF-ის დისკუსია თემაზე „მარტოხელა მშობლის სტატუსი და მასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში“

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ 27 მარტს „ფრონტლაინ ჯორჯიაში“  გამართა დისკუსია, თემაზე „მარტოხელა მშობლის სტატუსი და მასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში“.

 

ღონისძებაზე მოხსენებით გამოვიდა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის (AVNG) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სალომე ჩაგელიშვილი, რომელმაც სტატუსის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის აუცილებლობასა და მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ათასობით ბენეციფიართან შეხვედრამ ცხადყო, რომ საქართველოში მარტოხელა მშობელთა რიცხვი საკმაოდ დიდია და მათ სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებათ.

 

დისკუსიაზე მყოფ საზოგადოებას კანონში არსებულ პრობლემებსა და ცვლილებების აუცილებლობაზე სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მინიმუმ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს მარტოხელა მშობლებს, რადგან ესაა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

დისკუსიაში მონაწილეობდა თავად ფონდის ბენეფიციარიც, მარტოხელა დედა გორიდან, ელგა მაისურაძე. მან საკუთარი ისტორიის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ეზღუდება სტატუსის მიღების შესაძლებლობა იმის გამო, რომ ბავშვის დაბადების მოწმობაში მამაა დაფიქსირებული.

 

ღონისძიებაზე დამსწრეებს საკანონმდებლო ორგანოს პოზიცია დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თანაშემწემ, ნინო აშორდიამ გააცნო. ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში მარტოხელა მშობლების საკითხის ირგვლივ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. როგორც ნინო აშორდიამ დისკუსიაზე განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არავის აქვს სრულყოფილად ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა და როგორ უნდა შეიცვალოს. ერთადერთი, ვინც ფონდის აზრს იზიარებს, იუსტიციის სამაინისტროა, რომელიც მიიჩნეს, რომ სტატუსი აუცილებლად უნდა გაფართოვდეს.

 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ზემოხსენებული პრობლემების მასშტაბურობისა, სამოქალაქო საზოგადოება დისკუსიითა და ამ თემით არ დაინტერესებულა. ღონისძიებას მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. დისკუსიაში მონაწილეობა არ მიუღიათ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ და წესით, ეს თემა მათთვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო.

 

რატომ დადგა დღის წესრიგში  სტატუსის გაფართოების  საკითხი?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2015 წლის ივნისში დამატებული მუხლის (11911 – მარტოხელა მშობლი) თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს ქალს ან კაცს:

  • რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი მონაცემები ბავშვის მამის/დედის შესახებ;
  • რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

როგორც პრაქტკის შესწავლამ და ბენეფიციარებთან შეხვედრებმა ცხადყო, ერთნაირი პრობლემები და გასაჭირი აქვთ იმ მშობლებს, რომლებიც კანონით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და მათაც, ვინც დაქვრივდა ან განქორწიდა და მარტო ზრდის შვილს/შვილებს; სტატუსის მიღმა დარჩნენ ის მარტოხელა მშობლებიც, რომლებსაც მართალია შვილი არარეგისტრირებული ქორწინების გარეშე ჰყავთ, მაგრამ ბავშვის დაბადების მოწმობაში მეორე მშობლის მონაცემები დაფიქსირებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვი დაცული ყოფილიყო საზოგადოების დისკრიმინაციისა და ქილიკისგან. ამიტომ, გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს სტატუსის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ ვიწრო ჯგუფს.

ასევე იხილეთ

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ მორიგი ტრენინგები გორსა და SOS ბავშვთა სოფელში

3 მაისს „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ კიდევ ერთი ტრენინგი გამართა, ამჯერად გორში. მას მარტოხელა დედები …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *