Home / ბლოგი / „მარტოხელა მამობა სირცხვილი არაა, თუმცა ძალიან რთულია“

„მარტოხელა მამობა სირცხვილი არაა, თუმცა ძალიან რთულია“

დიახ, მე მარტოხელა მამა ვარ და ორ მცირეწლოვან ბიჭს ყველას დაუხმარებლად ვზრდი. ვერ ვიტყვი, რომ ადვილია, პირიქით, რთულია მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მაგრამ ამის გამო ნამდვილად არ მრცხვენია.

 

ჩემი შვილების დედას 6 წლის წინ დავშორდი. ცოლ-ქმარი ფორმალურად ვიყავით, ერთად ვცხოვრობდით და ორ შვილს ვზრდიდით, თორემ ისე არც ხელი გვქონია მოწერილი და არც ჯვარი დაგვიწერია. 6 წლის წინ თურქეთში წავიდა სამუშაოდ. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენ შორის განხეთქილება, აღარ გვეხმიანებოდა, როცა ჩამოდიოდა, არ გვნახულობდა. მე ბათუმში ვმუშაობდი და შვილების თან წაყვანა არ შემეძლო. ამიტომ ბავშვები ჩემი მშობლების სახლში დავტოვე. თუმცა ორი წლის შემდეგ ჩემი ძმა დაოჯახდა, სიტუაცია აირია და ბავშვები ქუჩაში დამიტოვეს.

 

ჩემმა ყოფილმა მეუღლემ თავის მშობლებს დაურეკა, თქვენ წაიყვანეთ ბავშვებიო. სხვა გზა არ მქონდა, რადგან მაშინ ისე ვიყავი, ქირის ფულსაც ვერ გადავიხდიდი და დავთანხმდი ამას. თორემ ვიცოდი, რომ ბავშვებს იქ ყურადღებას არავინ აქცევდა, ზოგჯერ ღამის 1 საათზე გარეთ იყვნენ ხოლმე და არავინ კითხულობდა მათ. პარასკევს სკოლის შემდეგ ჩემთან მოდიოდნენ, მე ვურეცხავდი ტანსაცმელს და სკოლისთვისაც მე ვამზადებდი.

 

ერთ დღეს პოლიციაში დამიბარეს. იქ  მისვლის შემდეგ გავარკვიე, რომ ჩემი უმცროსი შვილი ბებიას ტაფით უცემია, თანაც ისე, რომ ბავშვმა გონება დაკარგა და ძლივს მოაბრუნეს. პოლიციამ საქმე აღძრა და ცხადია, ბავშვებს მასთან ვერ გავუშვებდი. მაშინ ბათუმში მივდიოდი სამსახურის გამო და ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ვერც ბავშვებს ვტოვებდი, ვერც თან მიმყავდა. მაგრამ პოლიციაში მითხრეს, რომ ბავშვების თავშესაფარში ჩაბარება მოუწევდათ და მე ამას ვერ დავუშვებდი, დავრჩი, ვიქირავე ბინა და ჩემი შვილები 4 წელია ჩემთან არიან. ზაფხულში, როცა სეზონური სამუშაოს გამო ბათუმში მივდივარ, თან მიმყავს და სკოლის არდადეგებსაც ერთად ვატარებთ.

 

ადრე ჩვენი მეორე შვილი დედის გვარზე იყო.  ჩემი ბიჭი 2005 წელს დაიბადა და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მითხრა, რომ რადგან ხელი მოწერილი არ გვქონდა, ბავშვი მის გვარზე უნდა ყოფილიყო. მერე გავარკვიე, რომ მსგავსი შეზღუდვა არ არსებობდა, თუმცა დედამისი ბავშვის ჩემს გვარზე გადმოყვანის უფლებას არ მაძლევდა.  ცოტა ხნის წინ კი მითხრა, ოღონდ თავი დამანებეთ და გადაიყვანე მეორე შვილიც შენს გვარზეო.

 

ამ ყველაფრის მერე ბავშვებს დედის ხსენებაც არ უნდათ. უფროსს შედარებით რბილი ხასიათი აქვს და მაინც პატივისცემით და მოწიწებით ელაპარაკება ხოლმე დედას. უმცროსი კი ღიზიანდება, ეუბნება, მეორედ მამას ნოემრზე აღარ დარეკო, მე შენ დედად აღარ გთვლიო.

 

ბავშვებისადმი უყურადღებობას იმით ამართლებს, რომ თითქოს ბავშვებმა მას ხელი ჰკრეს და მე ამირჩიეს. არადა თავად თქვა შვილებზე უარი და არც დაუტოვა ბავშვებს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ჩემთან ეცხოვრათ. 

 

ბავშვების გამო ბევრი რამ დავთმე და ბევრჯერ ვეცადე, შევრიგებოდი. არ მინდიდა, ისინი არასრულფასოვან ოჯახში, უდედოდ გაზრდილიყვნენ, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის, მას არც ოჯახში დაბრუნება უნდა და არც შვილებზე ზრუნვა.

 

მარტოხელა მამა გორიდან, ლერი თ.

ასევე იხილეთ

არ მანაღვლებს ხალხის აზრი… მე მაქვს უფლება, მყავდეს შვილი

როცა გავიგე, ორსულად ვიყავი, ბევრი ვიბრძოლე, რომ მარტო არ ვყოფილიყავი. მეუბნებოდნენ, შვილს მარტო ვერ გაზრდი, …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *