Home / ბლოგი / არ მანაღვლებს ხალხის აზრი… მე მაქვს უფლება, მყავდეს შვილი

არ მანაღვლებს ხალხის აზრი… მე მაქვს უფლება, მყავდეს შვილი

როცა გავიგე, ორსულად ვიყავი, ბევრი ვიბრძოლე, რომ მარტო არ ვყოფილიყავი. მეუბნებოდნენ, შვილს მარტო ვერ გაზრდი, ხალხი რას იტყვის, სადმე ჩააბარე ბავშვიო. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემი მშობლებისთვის ჩემი შვილი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

 

მშობიარობის მერე ძალიან დიდხანს ვიყავი დეპრესიაში. ბავშვს ვეხუტებოდი და ვტიროდი ხოლმე. ძალიან დიდხანს ვერიდებოდი საზოგადოებასთან კონტაქტს. არავისგან არაფერი უარყოფითი არ მიგრძვნია, მაგრამ მაინც ჩემს თავში ჩავიკეტე. ალბათ მე უფრო მქონდა მოლოდინი, რომ გამკიცხავდნენ. თუმცა დღემდე არავის უკითხავს, რატომ ვარ მარტოხელა დედა.

 

თავიდან ერთი თავისებურება მახასიათებდა, ვცდილობდი, ჩემს შვილს მხოლოდ უმამო ბავშვებთან ჰქონოდა ურთიერთობა. ალბათ მეშინოდა, ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდა… კითხვები, რომლებზეც მე პასუხი არ მქონდა… მაგრამ ერთ დღეს, ჯერ კიდევ ძალიან პატარამ, ყველასგან მოულოდნელად მკითხა, ჩემი მამაჩემი როდის მოვაო. ოჯახის წევრებმა მე შემომხედეს, საიდან იცის ეს ფრაზაო.

 

ჩემთვის სულ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ხალხი. მე ქალი ვარ და მაქვს უფლება და შესაძლებლობა მყავდეს შვილი. ჩემთვის მთავარი მხოლოდ ისაა, რომ ჩემს შვილს განვითარებისთვის შესაფერისი პირობები შევუქმნა, ფუფუნების საგნებს ხომ არ ვითხოვ. მაგრამ სწორედ ეს მტკენს გულს, რომ ელმენტარულზე ვეუბნები უარს. ძალიან შეგნებული ბავშვია, ესმის და არ აპროტესტებს, როცა ვეუბნები, რომ არ მაქვს ფული და ვერ ვუყიდი რაღაცას ან რაიმე წრეზე ვერ ვატარებ. თუმცა  მე ხომ ვიცი, რომ შინაგანად ძალიან განიცდის. მე კი ყველაზე ნაკლებად მის თვალებში სევდის დანახვა არ მინდა. მეშინია, რომ თავის თავში ჩაიკეტება…

 

ხშირად ვეუბნები, რომ კარგად ისწავლოს, რადგან მე უნივერისტეტში სწავლის საფასურს ვერ გადავუხდი. მაგრამ მარტო კარგად სწავლაზეც ხომ არ არის ყველაფერი დამოკიდებული…

 

ყველაფრის მიუხედავად, მე ბედნიერი ვარ, რომ დედა ვარ და ასეთი კარგი შვილი მყავს!

 

შორენა, მარტოხელა დედა საჩხერიდან

 

ასევე იხილეთ

„მარტოხელა მამობა სირცხვილი არაა, თუმცა ძალიან რთულია“

დიახ, მე მარტოხელა მამა ვარ და ორ მცირეწლოვან ბიჭს ყველას დაუხმარებლად ვზრდი. ვერ ვიტყვი, რომ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *