Home / ბლოგი / გოგოებო, გაიგეთ მეტი საკუთარ უფლებებზე!

გოგოებო, გაიგეთ მეტი საკუთარ უფლებებზე!

ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაღაცები მათ არასდროს შეემთხვევათ, მაგრამ ასე არ არის. წლების წინ ალბათ ვერც მე წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდებოდა. ამიტომ ორმაგად უფრო უხერხული და დამთრგუნველი იყო ჩემთვის ის სიტუაცია, რაშიც აღმოვჩნდი. გურჯაანში სასწავლებლად ჩამოსულმა ერთი დაოჯახებული კაცი გავიცანი. ის ურთიერთობის მიზნით ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და მაშანტაჟებდა. ზეწოლისგან თავის დასაცავად უბნის ინსპექტორსაც მივმართე, მაგრამ უშედეგოდ, ის მხოლოდ ოჯახში მისვლით და გაფრთხილებით შემოიფარგლა. ამიტომ 1-2 თვის შემდეგ მან ისევ დაიწყო ჩემი დაშინება. მივხვდი, რომ ვინმესთნ თქმას აზრი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, ძალიან მრცხვენოდა და მეორეც, მათი დაპირება მხოლოდ ფურცელზე დაწერილ სიტყვებად რჩებოდა და არავინ არაფერს არ აკეთებდა ჩემს დასაცავად.

 

… როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, მითხრა, უნდა გააჩინო ბავშვი და მე ვიზრუნებ მასზეო. ბავშვი უკვე 1,5 წლისაა და ის არ გამოჩენილა. ბავშვს დაბადების მოწმობაში მამის ვინაობა არ უწერია, ამიტომ მხოლოდ დედის პენსით და სოციალური დახმარებით ვირჩენთ თავს, თვიდან თვემდე ვალებით გავდივართ.

 

ბევრი გოგო ვიცი, რომელიც თავის მდგომარეობას მალავს, რადგან უიმედოდ არიან განწყობილები და იციან, რომ გვერდში არავინ დაუდგებათ. თუმცა იცით, რა არის ყველაზე ცუდი?! მშობლები გოგონებს საკუთარ უფლებებს არ ასწავლიან. ამის ნაცვლად სულ იმას უმეორებენ, რომ ქალია და უნდა დათმოს. მხოლოდ ისაა მათთვის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა არ ილაპარაკოს და არ აინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ მათი შვილები. სწორედ  ამიტომ, ოჯახური კონფლიქტის დროს მშობლები გოგოს ეუბნებიან, რომ მოითმინოს და ოჯახი არ დაანგრიოს. არადა პირიქით, უნდა აუხსნან რისი უფლება აქვს მას და როგორ დაიცვას თავი მოძალადე პარტნიორისგან.

 

ნეტა რამე ტრეინინგები ტარდებოდეს, სადაც მივლენ გოგოები და თავიანთი უფლებების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. მერე მაინც აღარ გაუჭირდებათ ძალადობისგან თავის დაღწევა, უფრო ძლიერებიც იქნებიან და აღარც საზოგადოების შერცხვებათ.

 

თავიდან მეც ასე ვიყავი, სულ ვფიქრობდი, ხალხი რას იტყვის-მეთქი. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს არაა მნიშვნელოვანი. თავიდან დედასაც არ უნდოდა, რომ ბავშვი გამეჩინა… მაგრამ მთავარი ისაა, რომ ახლა ძალიან უყვარს ის. დღეს ორივეს ძალიან გვაბედნიერებს ჩემი პატარა გოგო.

მარია მ.

ასევე იხილეთ

„მარტოხელა მამობა სირცხვილი არაა, თუმცა ძალიან რთულია“

დიახ, მე მარტოხელა მამა ვარ და ორ მცირეწლოვან ბიჭს ყველას დაუხმარებლად ვზრდი. ვერ ვიტყვი, რომ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *