Home / სტატიები / მარტოხელა მშობლები არავის იმედად

მარტოხელა მშობლები არავის იმედად

იცით თუ არა, რამდენი მარტოხელა მშობელია საქართველოში?!  გსმენიათ მათ ყოველდღიურ, თუნდაც  ყოფით პრობლემებზე?! – ალბათ დეტალურად არა. მათ ვერც სახელმწიფო ხედავს, ისინი საკუთარ გასაჭირს მარტო უმკლავდებიან და საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო, ხშირად ყველაზე ახლობელი ადამიანებისგანაც უარყოფილები არიან.  მიზეზი ერთია – ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვი, რომლესაც ბრალი არაფერში მიუძღვის და არც გაჭირვებაში ცხოვრება დაუმსახურებია.

ნანაც მარტოხელა დედაა. ის ოჯახმა არ მიიღო.  ბავშვის მამა ისრაელში მაშინ წავიდა, როცა ნანა გაგაზე ორსულად იყო. ის დაპირდა, რომ მშობიარობის მერე მას და ბავშვს თავისთან წაიყვანდა. თუმცა მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ის არ გამოჩენილა. რაღაც ეტაპზე ნანა მასთან დაკონტაქტებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.

ამის შემდეგ ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია და არც ახლაა სახარბიელო მდგომარეობაში. უსახსროდ დარჩენილმა ყვარელში,  მშობლების სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მათ ნანას მიღებაზე უარი თქვეს. მას ყველაზე მეტად მამის იმედი ჰქონდა, თუმცა მანაც ზურგი აქცია და ისე დაიღუპა, შვილიშვილი არ უნახავს. დადებითი დამოკიდებულება არც ხალხისგან  უგრძვნია. იხსენებს, რომ ქუჩაში მიმავალს ხშირად ეძახდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს. გაგა ყვარლის სამშობიაროში გააჩინა და როგორც თვითონ ამბობს, ექიმები შვილს არ ატანდნენ. ნანა ვარაუდობს, რომ მათ ბავშვის გაყიდვა უნდოდათ.

„მე ჩემს შვილზე უარს არასოდეს ვიტყოდი, ოჯახს რომ არ მიეღო ჩემი თავი და სულ რომ ქუჩაში დავრჩენილიყავი, მაინც“,- ამბობს ნანა.

მოგვიანებით ოჯახმა ნანა მიიღო, თუმცა ყვარელში სახლი ისე დაზიანდა, საცხოვრებლად აღარ გამოდგებოდა. თანაც მამამისს, როგორც კავშირგაბმულობის თანამშრომელს, კავშირგაბმულობის ძველ შენობაში 2 ოთახი მისცეს. ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილიში წამოვიდა. ახლა ერთ ოთახში დედამისი ცხოვრობს, მეორე ოთახში -თვითონ, შვილთან და ასთმით დაავადებულ ძმასთან ერთად.

აგურებზე შემდგარი 2 საწოლი, ძველი მაცივარი და კარადა, პიანინო და პატარა მაგიდა, ბეტონის იატაკზე დაგებული მეზობლის გამონაცვალი „ლინონიუმი“ – ასე გამოიყურება ნანას 12 კვადრატული მეტრის ოთახი, სადაც სივიწროვის გამო თავისუფლად გადაადგილება გაგიჭირდებათ. საპირფარეშო და სააბაზანო დერეფნის ბოლოსაა და ნანა ამბობს, რომ ღამით გასვლა უჭირს. ნანას შვილთან ერთად ერთ საწოლში სძინავს, თუმცა ამბობს, რომ ბავშვის გაზრდასთან ერთად უხერხულობა სულ უფრო მატულობს და არ იცის, როგორ მოიქცეს.

ადრე მუშაობდა და შემოსავალიც ნორმალური ჰქონდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მუშაობა ვეღარ შეძლო და სამსახურის გარეშე დარჩა. დღეს ნანას შემოსავლის ერთადერთი წყარო 160-ლარიანი სოციალური დახმარებაა. ამასთან, კომუნალური გადასახადებისთვის 90 ლარის ვაუჩერს იღებს, თუმცა ზამთრის პერიოდში, გაზრდილი გადასახადების პირობებში, ეს თანხა არ ჰყოფნის.

„ეს 160 ლარი არაფერია. იგივეა, რომ 1,60 ლარი გქონდეს მთელი თვე. ბევრი ხარჯი მაქვს. კომუნალურებზე გამოყოფილი თანხა არასაკმარისია და მე მიწევს დამატება. ჩემს ძმას მე ვაძლევ წამლის ფულს, რადგან მის გარეშე ვერ იარსებებს. ბავშვს სკოლაში ათასი რამე სჭირდება. კიდევ კარგი უფასო სასადილოთი სარგებლობა მაინც შეგვიძლია. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანის ვალი მაქვს“,- ამბობს ნანა და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ქვითრებს ათვალიერებს.

პრობლემები ფილტვზე, მკერდზე, თავზე – აუტანელი ტკივილების მიუხედავად მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ ფილტვზე ოპერაცია გაიკეთოს და ბავშვზე იქამდე იზრუნოს, სანამ  „ფეხზე მყარად არ დააყენებს“.  შარშან ონკოლოგიურ ცენტრში ფილტვის ოპერაციისთვის 6000 ლარი მოსთხოვეს. მაგრამ მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით მხოლოდ 3 ათასი ლარის მოგროვება მოახერხა, მეორე ნაწილი ვერ იშოვა. მისი და დედამისის თხოვნის მიუხედავად, შეღავათი არც საავადმყოფომ გაუკეთა და ოპერაციის გარეშე დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ მარტოხელა დედის სტატუსი ოფიციალურად აქვს, არანაირ დახმარებას არ იღებს. ჯანმრთელობის პრობლემა მის შვილსაც აქვს, სუნთქვა უჭირს და თავის ტვინზე დაჩრდილვა აქვს. ამის გამო ძლიერი თავის ტკივილები აწუხებს და ხშირად სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს.   გარდა ამისა, გაგას მხედველობის პრობლემაც შეექმნა, როცა 4 წლის ასაკში რთული ვირუსი გადაიტანა. ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვს ოპერაცია დაუფინანსა.

„ნახე, რა ლამაზი ბავშვი იყო“,- გვეუბნება ნანა და კედელზე გაკრულ კალენდარზე მიგვითითებს, რომელიც დაახლოებით 2-3 წლის გაგას სურათითაა გაფორმებული.  „როგორ ვუმკურნალო აბა, ახლაც ვალით ვუყიდე წამლები. იმაზეც ვნერვიულობ, ოპერაციის მერე თვალის წვეთებს რომ დაუნიშნავენ, ის რითი ვიყიდო“.

(სტატიაში გამოყენებული ქალისა და ბავშვის სახელები შეცვლილია)

* * *

ქართულ კანონმდებლობაში, უფრო კონკრეტულად კი სამოქალაქო კოდექსში(11911 მუხლი)  მარტოხელა მშობლის შესახებ ჩანაწერი 2014 წლის 11 დეკემბერს გაჩნდა. კანონის თანახმად, მარტოხელა მშობელი არის პირი, რომელსაც შვილი რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შეეძინა და ბავშვის დაბადების მოწმობაში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერი არ არის. ასევე, მარტოხელა მშობელი არის ის პიროვნებაც, ვისაც შვილად აყვანილი ჰყავს ბავშვი და აყვანის მომენტში რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ  როცა ბავშვი 18 წლის გახდება ან მშობელი დაქორწინდება, მას მარტოხელა მშობლის სტატუსი მოეხსნება. მიუხედავად კანონში არსებული ჩანაწერისა, რომ მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული, დღეს არცერთი მარტოხელა მშობელი ამ სტატუსის გამო რაიმე სოციალურ დახმარებას არ იღებს.  ერთადერთ  შეღავათს  საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, მარტოხელა დედა საშემოსავლო გადასახადისგან არ იბეგრება. დღეს ასეთი 431 ქალია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კანონი ამ შეღავათს მხოლოდ ქალებისთვის აწესებს, მარტოხელა მამები კი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.

როგორც „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდს“ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურიდან აცნობეს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისთვის დახმარება მათ პროგრამაში გათვალისწინებული არ აქვთ. თუმცა ისინი სხვადასხვა დახმარებას სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი პროგრამებიდან იღებენ. გამოდის, რომ თუ  მარტოხელა მშობელს სახელმწიფოსგან დახმარების აღება სურს, მან სოციალურად დაუცველის სტატუსი უნდა მიიღოს. თუმცა ამ შემთხვევაშიც წინააღმდეგობას ვაწყდებით – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ადამიანი ერთდროულად ორ ან მეტ დახმარებას ვერ მიიღებს. შესაბამისად, თუკი ხელისუფლებამ მარტოხელა მშობლებისთვის დახმარების დანიშვნა გადაწყვიტა, ის სოციალურად დაუცველის შემწეობას ვერ აიღებს და პირიქით.

სახელმწიფოსთვის რომ მარტოხელა მშობელი პრიორიტეტული არ არის, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მარტოხელა მშობლების შესახებ სტატისტიკის წარმოება მხოლოდ „ადამიანის უფლებათა განვითარების ფონდის“ მიმართვის შემდეგ დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს მიერ „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსის მისაღებად სააგენტოს სულ 1222-მა ადამიანმა მიმართა, აქედან მხოლოდ 5-ია კაცი. რაც შეეხება დაკმაყოფილებულ მოთხოვნებს, მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ 1056 ადამიანს აქვს, საიდანაც 1047 ქალია, 2- კაცი და 7 – არასრულწლოვანი.