Home / ბლოგი / ჩემი მეგობარი ლიას სახელწიფოსგან არაღიარებული მარტოხელა დედობა

ჩემი მეგობარი ლიას სახელწიფოსგან არაღიარებული მარტოხელა დედობა

ჩემი მეგობარი ლია (სახელი შეცვლილია) მარტოხელა დედა იყო. დედა ახლაც არის და ახლაც მარტოხელაა. უბრალოდ, უმცროსი შვილი წელს უკვე სრულწლოვანი გახდა. ლიას გარშემო ბევრი მარტოხელა დედაა – ზოგი სტატუსიანი, ზოგი უსტატუსო. ლია უსტატუსო მარტოხელა დედა იყო. სახელმწიფო მას არ ცნობს მარტოხელა დედად იმიტომ, რომ მისი სამივე შვილი მამის გვარს ატარებს. მამის, რომლის ძალადობასაც ლიამ თავი დააღწია და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში გამოიქცა; მამის, რომლსაც ალიმენტი კი არა ერთი თეთრი არ მიუცია საკუთარი შვილებისთვის, უფრო მეტიც, ლიას შრომით ნაშოვნ თანხას სასმელსა და მეგობრებში ფლანგავდა. ლია იხსენებს, რომ ხშირად, სამსახურიდან მისულს, ბავშვები მშიერი დახვედრია და მისი დატოვებული ფული თუ საჭმელი – გამქრალი.

„ყველაფერს ვიტანდი, ცემასაც, ჩხუბსაც, შეურაცხყოფასაც, მაგრამ როცა დავინახე, რომ შვილებს მშიერს ტოვებდა, ვეღარ ავიტანე. როცა მივხდვი, რომ თავის რჩენა შემეძლო, წამოვედი“, – მიყვება ლია და ამატებს: „შეეძლო ღამე გავეღვიძებინე (ქმარს) და მოეთხოვა, მიმღერეო. ბავშვები ღამის 3 საათზე მაღაზიაში შეიძლება გაეგზავნა სიგარეტზე ან სასმელზე…“

განქორწინება რომ გააკეთა, ალიმენტი მოითხოვა, მაგრამ ვერ მიიღო. ყოფილ მეუღლეს „ბანკის ვალები“ ჰქონდა და შემოსავალი ავტომატურად იყინებოდა. ბოლოს, მოლაპარაკებაზე დაითანხმეს და ბანკს რომ სახლი არ გაეყიდა, ალიმენტზე უარი თქვა. ბავშვებს სახლი შეუნარჩუნა, თვითონ კი ტვირთი დაიმძიმა. ლია დღე და ღამ მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ თავშესაფარში დროებით მიბარებული შვილები გამოეყვანა და ერთად ცხოვრება შეძლებოდათ. ლია ოჯახში მოეწყო დამლაგებლად. გაუმართლა, შეგნებული ხალხი აღმოჩნდა და გვერდში დაუდგნენ.

თავდაპირველად, ბავშვები თავშესაფარში მიაბარა, ვინაიდან სოფლიდან ჩამოსული მოსწავლეები სკოლაში არ მიიღეს განსხვავებული სასკოლო პროგრამის გამო. „მთელი კვირა ვაგროვებდი საჭმელს, რომ შაბათ-კვირისთვის გამემზადებინა, როცა ბავშვები ჩემთან იქნებოდნენ“,- იხსენებს ლია და ამატებს, რომ 2 წლის შემდეგ შეძლო შვილებთან ერთად გადასულიყო საცხოვრებლად. ოჯახი, სადაც მუშაობდა, ამჯერადაც გვერდში დაუდგა და თითქმის ორ წელიწადნახევარი უფასოდ აცხოვრა 3 შვილთან ერთად საკუთარ სახლში მანამ, სანამ არ გაძლიერდა და შეძლო ბინის ქირაობა.

ლია დღეს ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობს – მოხუცებული დედა, 3 შვილი და ერთი შვილიშვილი. ლიას შვილიც, პრაქტიკულად, მარტოხელა დედაა – მისი მეუღლე პატიმარია და კიდევ 5 წელი მარტო მოუწევს 5 წლის ანას (სახელი შეცვლილია) გაზრდა. ლია დამლაგებლად მუშაობს რამოდენიმე ოფისში და ოჯახში. საუბრისას კმაყოფილმა ჩაილაპარაკა – იყო დრო 150 ლარს ძლივს ვიხდიდი და დღეს დოლარებში ვიხდი ბინის ქირასო. ეს ყველაფერი კი მსხვერპლობაზე უარის თქმით და ერთი ძლიერი გადაწყვეტილებით დაიწყო: „მე შემიძლია თავის რჩენა“!

ასევე იხილეთ

„მარტოხელა მამობა სირცხვილი არაა, თუმცა ძალიან რთულია“

დიახ, მე მარტოხელა მამა ვარ და ორ მცირეწლოვან ბიჭს ყველას დაუხმარებლად ვზრდი. ვერ ვიტყვი, რომ …