Home / პროექტები / დასრულებული / მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება

მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება

ა.(ა).ი.პ. „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“.

პროექტის მიზანია მარტოხელა მშობლების (განსაკუთრებით კი მარტოხელა დედების) უნარების გაძლიერება, საკუთარი უფლებების დაცვის პროცესში მონაწილეობა და ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა.

ვინ არის მარტოხელა დედა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2014 წლის დეკემბერს დამატებული მუხლის (11911 – მარტოხელა მშობლი) თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს ქალს ან კაცს:

  • რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი მონაცემები ბავშვის მამის/დედის შესახებ;
  • რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი გარანტიები განსაზღვრულია კანონში.

რა მასშტაბებს მოიცავს პროექტი

პროექტი საქართველოს 4 რეგიონს მოიცავს: თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი და იმერეთი. პროექტში მომუშავე გუნდი სამიზნე ჯგუფებთან რეგულარულ საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებსა და ტრეინინგებს გამართავს. ამასთან, სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ადვოკატირების კამპანიაში და ლობირების პროცესში თავად ჩაერთონ. ამისთვის მარტოხელა მშობლებით დაკომპლექტებული 10-15-კაციანი ჯგუფები შეიქმნება.

რა გაკეთდება პროექტის ფარგლებში

  • უფასო იურიდიული დახმარება – პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მარტოხელა მშობლებისთვის უფასო იურიდიული დახმარებაა, რაც მათთვის საკუთარი უფლებების დაცვას გააიოლებს და სამართლებრივ გარემოს ხელმისაწვდომს გახდის.

     პროექტის იურისტი:

  • საჭიროების შემთხვევაში, უფასოდ გაუწევს წარმომადგენლობას როგორც სასამართლოში, ისე სასამართლომდე არსებულ დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურების მიმდინარეობისას.
  • შეაგროვებს საჭირო დოკუმენტებს;
  • გაუწევს უფასო კონსულტაციებს პროექტის ბენეფიციარებს;
  • ადვოკატირების კამპანია – პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, ადვოკატირების კამპანია როგორც პოლიტიკურ ისევე სოციალურ დონეზე განხორციელდება. პოლიტიკური კუთხით, ადვოკატირების მიზანი კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება და კანონის იმპლემენტაციის ხელშეწყობაა.
    რაც შეეხება სოციალურ ნაწილს, გამოყენებული იქნება ადვოკატირებისთვის ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ინტერნეტ სივრცეში ბლოგების განთავსება. ეს იქნება სივრცე, სადაც მარტოხელა მშობლებს საკუთარი მდგომარეობისა და სირთულეების შესახებ საზოგადოებისა და სხვა მარტოხელა მშობლებისთვის ხმის მიწვდენა შეეძლებათ. პროექტის გუნდი აქტიურად ითანამშრომლებს მედიასთან, რათა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მარტოხელა მშობლობასთან დაკავშირებით.
  • კვლევა – პროექტის ფარგლებში იგეგმება ორეტაპიანი კვლევის ჩატარებაც, რომელიც სტატისტიკურ მასალასთან ერთად ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასა და პრაქტიკას მიმოიხილავს. კვლევის პირველი ნაწილი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და მშობლების სამართლებრივი მდგომარეობის ანალიზს დაეთმობა, მეორე ნაწილი კი – პრაქტიკაში კანონის მუშაობის შეფასებასა და ხარვეზების გამომჟღავნებას. ამის საფუძველზე მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინება კომპეტენტურ სახელმწიფო სტრუქტურებსა და ორგანოებს.
  • ლობირება – გუნდი იმუშავებს იუსტიციის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებთან, რათა აღმოიფხვრას კანონში არსებული ხარვეზი და მოხდეს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის წარდგენა.

სწორედ ზემოხსენებული პოლიტიკური და სოციალური ასპექტების ადვოკატირება ევალება ადვოკატირების მენეჯერს. იგი იმუშავებს მარტოხელა მშობლების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის, საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მარტოხელა მშობლების პრობლემების შესახებ ინფორმირებაზე. მენეჯერი ხელს შეუწყობს ამ თემის წინ წამოწევასა და პოპულარიზაციას, ასევე, აქტიურად იქნება ჩართული ცნობიერების ამაღლებისთვის დაგეგმილ აქტივობებშიც.

პროექტი 2016 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.