Home / პროექტები / მარტოხელა მშობლები

მარტოხელა მშობლები

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ა.(ა).ი.პ. „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ ახორციელებს პროექტს – „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“, რომლის მიზანია მარტოხელა მშობლების (განსაკუთრებით კი მარტოხელა დედების) უნარების გაძლიერება, საკუთარი უფლებების ადვოკატირების პროცესში მონაწილეობა და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა.

პროექტი ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2014 წლის დეკემბერში დამატებულ მუხლს -მარტოხელა მშობლი (11911), რომლის თანახმადაც, მარტოხელა მშობელი არის დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის/დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
ამასთან, მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი გარანტიები განსაზღვრულია კანონში.

პროექტი რეგიონალურია და მიმდინარეობს საქართველოს 4 რეგიონში: ქ. თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი და იმერეთი, სადაც პროექტში მომუშავე გუნდი გამართავს რეგულარულ საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებს და ტრეინინგებს სამიზნე ჯგუფებთან. სამიზნე ჯგუფებიდან შემდგარი 10-15 კაციანი გუნდი, რომლებიც იქნებიან მარტოხელა მშობლებით დაკომპლექტეული, აქტიურად ჩაერთვებიან ადვოკატირების კამპანიაში და ლობირების პროცესში.

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, ადვოკატირების კამპანია ხორციელდება როგორც პოლიტიკურ ისევე სოციალურ დონეზე. პოლიტიკური კუთხით, ადვოკატირების მიზანია კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება, ასევე კანონის ამუშავების ხელშეწყობა. სოციალური თვალსაზრისით, ადვოკატირება ითვალისწინებს ინტერნეტ სივრცეში ბლოგის ფუნქციონირებას, სადაც მარტოხელა მშობლებს ექნებათ საშუალება საზოგადოებას და, მათ შორის, სხვა მარტოხელა მშობლებს მიაწვდინონ ხმა თავიანთი მდგომარეობის შესახებ და იმ სირთულეების შესახებ, რომელთა გადალახვაც უწევთ, როგორც მარტოხელა მშობლებს.

პროექტის ფარგლებში, ჩატარდება კვლევა ორ ეტაპად, რომელიც სტატისტიკურ მასალასთან ერთად ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასა და პრაქტიკას მიმოიხილავს. კვლევის პირველი ნაწილი დაეთმობა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და მშობლების სამართლებრივ მდგომარეობის ანალიზს; მეორე ნაწილი ორიენტირებული იქნება, შეისწავლოს პრაქტიკაში კანონის მუშაობა და გამოამჟღავნოს ხარვეზები, რათა შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები კომპეტენტურ სახელმწიფო სტრუქტურებისა და ორგანოებისთვის წარსადგენად.

პროექტში მომუშავე იურისტი, მარტოხელა მშობლის სტატუსის მაძიებლებს დაეხმარება სტატუსის მიღების პროცედურებში ასევე სასამართლოში საქმის წარმოებისას განახორციელებს წარმომადგენლობას. ამასთან, სტატუსის მიღების შემდეგ, დაეხმარება მარტოხელა მშობლებს მიიღონ სახელმწიფოსგან კანონით განსაზღვრული დახმარება.

ლობირების ასპექტში, პროექტის გუნდი იმუშავებს იუსტიციის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებთან, რათა შეძლონ კანონში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა და მათი დახმარებით პარლამენტში რეკომენდაციების წარდგენა.

პროექტი დაიწყო 2016 წლის 20 ოქტომბერს და გრძელდება 18 თვის განმავლობაში.